საქართველოს პარლამენტი

ნონიაშვილი: ვაშაძემ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო – პირობას პარლამენტშიც ასრულებს

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარისა და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის სიტყვებს გამოეხმაურა. ნონიაშვილი წერს, რომ ვაშაძე ქართულ პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობას პარლამენტშიც ასრულებს – მიკროფონი მხოლოდ 2-ჯერ ჩართო, თვიურ ხელფასსაც იღებს და არც მივლინებებზე ამბობს უარს.

"პარლამენტარ გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ცნობისთვის, ეს საუცხოო კაცი ამ პირობას პარლამენტშიც ასრულებს. 2 წლის მანძილზე მიკროფონი მხოლოდ 2-ჯერ ჩართო, მაგრამ ყოველთვიურად იღებს პარლამენტის წევრის ხელფასს 5 000 ლარს და როგორც ჩანს, მივლინებებზე უარს არ ამბობს. ანკარაში და ვაშინგტონში იყო მივლინებით, რომელშიც 7 300 ლარი დახარჯა ბიუჯეტის ხარჯზე.

იგრიალეთ. გადახდილია. პარლამენტს რატომ არ ტოვებენო – ბევრს აინტერესებდა". – წერს ნონიაშვილი.

11 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების შესახებ დასმული კითხვის პასუხად გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება და ქართულ პოლიტიკაზე სიტყვას არ ამბობს.

"წარმოდგენა არ მაქვს. შენს ოჯახში რა ხდება, ვიცი? აი, ისე არ ვიცი იქ [ენმ-ში] რა ხდება. [...] პარტიაზე არ მაინტერესებს, არ ვიცი, არ მკითხო. ქალიშვილი მყავს დაფიცებული, სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე". – თქვა ვაშაძემ.

კომენტარები