ნიკა გვარამიას საქმე

ALDE: საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ნიკა გვარამიას გათავისუფლება

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) საქართველოს ხელისუფლებას და პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართ განაჩენი "ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ".

პარტია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, წევრ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოების ერთგულია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ. ამ პროცესით ჩვენი ევროპული საზოგადოება ძლიერდება. კარი გაიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმისათვის, რომ საქართველომ ამ ეტაპს მიაღწიოს, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა საჭირო. კანონის უზენაესობის დაცვის, დამოუკიდებელი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის დებულებები ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ALDE-ს წევრ პარტიებთან საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართ განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მართლსაჯულების პოლიტიზირება უნდა შეწყდეს!

საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ვალდებულნი არიან განახორციელონ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ეხება. ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ.

შემოუერთდით ჩვენს მოწოდებას და მოითხოვეთ ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება! მოგიწოდებთ, მიმართოთ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვოთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება.

ამასთან, პარტია სამ შაბლონს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პირადად მოუწოდონ ირაკლი ღარიბაშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ.

"მოგიწოდებთ, მიმართოთ საქართველოს პრემიერმინისტრს და მოსთხოვოთ მას ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ევროპის მოქალაქეებს შეუძლიათ აჩვენონ, რომ ქვეყნებს, სადაც სრული დემოკრატიაა, შეუძლიათ შემოუერთდნენ ჩვენს საზოგადოებას. უბრალოდ დააკოპირეთ და ჩასვით ეს ტექსტი მეილის შეტყობინების გრაფაში. შენ შეგიძლია მიწერო საქართველოს პრემიერმინისტრის ოფისს მითითებულ მეილზე: [email protected]". - აღნიშნულია ALDE-ს განცხადებაში.

კომენტარები