საქართველო-ევროკავშირი

წულუკიანის ვარაუდით, ევროპარლამენტის დოკუმენტი "ნიადაგია" კანდიდატობაზე უარის სათქმელად

ტაბულა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარდაჭერილი დოკუმენტი "ნაყოფიერი ნიადაგია" საქართველოსთვის ევროკაშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად.

ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა, სადაც მან ჟურნალისტმა ჰკითხა, ელის თუ არა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ.

"შეიძლება სპეკულაციებად მოინათლოს ჩემი მხრიდან, მაგრამ რადგან ჩემს აზრს მეკითხებით, ვარაუდს გაგანდობთ. მე უფრო ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იმიტომ რომ მე ძალიან ყურადღებით წავიკითხე ეს დოკუმენტი დედანში და ასეთი განცდა დამრჩა, რომ რაკი ქართული ოცნება, მოდით ასე დავარქვათ - ეს ოხერი ქართული ოცნება, რომელსაც ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, ათი წელი გავიდა და 25 ოქტომბერს შესრულდა 10 წელი ზუსტად, რაც ქართულ ოცნებას ჰყავს თავისი მთავრობა უწყვეტად, ვერაფერი მოუხერხეს. რაკი ვერაფერი მოუხერხეს, ახლა რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთ ალბათ, თან ვხედავთ რომ ეს ქართული ოცნებები სხედან პარლამენტში და თავი არ აუწევიათ, მუშაობენ და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ტექნიკურად, ანუ ქაღალდზე და კანონსა და პრაქტიკაში ეს 12 რეკომენდაცია ამათმა შეასრულონ, ისე აიწყვიტეს, რომ შეასრულებენ და მოდი ახლა გამოვუშვათ ტექსტი, რომელიც შექმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მერე თუ დაგვჭირდა ვთქვათ უარი, ვარაუდია ეს ჩემი". - უპასუხა კულტურის მინისტრმა.

2022 წლის 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კომპრომისულ ცვლილებებს. როგორც შესწორების დოკუმენტში წერია, ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა, რომ აღმოიფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

კომენტარები