ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა: დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს

სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბას ბრალდებით, დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში "მეორე ფრონტის" გახსნისკენ უბიძგებს.

"არსებობს რეგიონში სიტუაციის გამწვავების საფრთხე, რადგან დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს. დღეს გვაქვს სტრატეგიული კავშირი რუსეთთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. აუცილებელია რუსეთის ფედერაციის მიმართ ერთგულების დემონსტრაცია და ამავდროულად აფხაზეთში ერთიანობის გამტკიცება". – თქვა შამბამ. 

მარიონეტულ რეჟიმს დასავლეთის მიმართ "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილებზე ბრალდებები აქამდეც გაუკეთებიათ. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა USAID-ს ადანაშაულებდა, რომ ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე "მეორე ფრონტი" გაეხსნათ.

სექტემბერში ინალ არძინბა ამბობდა, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.

"მეორე ფრონტის" ნარატივს იყენებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და ხშირად ამ სურვილებსა და ზეწოლაში დასავლეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები