ისრაელი

ისრაელში ხმების 62%-ის დათვლის შედეგად ნეთანიაჰუს ალიანსი ლიდერობს

ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი ცოლი მხარდამჭერთა შეკრებაზე, 2022 წლის 2 ნოემბერი.
AP Photo/Tsafrir Abayov

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების ხმების 62%-ის დათვლის შედეგად, პარტია ლიკუდის ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ალიანსი ლიდერობს. სულ დათვლილია 3 020 710 ხმა.

ამჟამინდელი შედეგებით, ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიათა ალიანსს ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში 120-დან 69 ადგილის დაკავება შეუძლია, თუმცა ეს რიცხვი შეიცვლება, რადგან ხმები ჯერ ბოლომდე დათვლილი არაა.

ხმების 62%-ის დათვლის შედეგად, მემარცხენე პარტია მერეცს მოპოვებული აქვს 3.17%, რაც მინიმალურ ზღვარზე, 3.25%-ზე ნაკლებია. თუმცა, ეგზიტპოლების მიხედვით, პარტიამ ქნესეთში 4-5 ადგილი უნდა დაიკავოს.

მინიმალური ზღვარის დაბლაა ისლამისტების პარტია რაამიც, რომელიც ეგზიტპოლების მიხედვით, 4 ადგილს იკავებდა. ამჟამინდელი მონაცემებით მათ 2.47% აქვთ აღებული. მინიმალური ზღვრის ქვეშ არის არაბთა პარტია ბალადიც, 2.75%-ით.

თუ მერეცი, რაამი ან ბალადი ქნესეთში წარმომადგენლობას ვერ მოიპოვებენ, ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის შექმნას გაუმარტივებს. 

გუშინ, 1-ელ ნოემბერს ისრაელში 2019 წლიდან მეხუთე არჩევნები ჩატარდა. პოლიტიკოსები აქამდე მთავრობის წარმატებით ფორმირებას ვერ ახერხებდნენ. ბოლო კოალიციამ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც რამდენიმე დეპუტატმა მათი რიგები დატოვა.

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ კორუფციასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ.

კომენტარები