კრიმინალი

"დანიის მოქალაქეს €15 000 მოტყუებით ჩაარიცხინეს" – პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებმაც დანიის მოქალაქეს მოტყუებით 15 000 ევრო გადმოარიცხინეს. 

განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თანამზრახველებთან ერთად, დანიის მოქალაქე წარსულში არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლია და შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა - 15 000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინა.

პროკურატურის ცნობით, თანხის მოტყუებით ჩარიცხვის შემდეგ, ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებმა თანხა დაანაწევრეს და ფიქტიური დანიშნულებისა და ყალბი ინვოისების გამოყენებით უცხოეთში, ბრალდებულის და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.

განცხადების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - დანაშაული სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართეს.

კომენტარები