ევროპა

CNN: ევროპაში ბუნებრივი აირის სიჭარბის გამო გაზის ფიუჩერსების ღირებულება €0-ს ქვემოთ ჩამოვიდა

Reuters

CNN Business-ის მიხედვით, ევროპას საჭიროზე მეტი გაზი აქვს, რამაც გამოიწვია მიმდინარე კვირის დასაწყისში ბუნებრივი აირის ფიუჩერსის ფასის მკვეთრად შემცირება

CNN-ის ცნობით, ევროპაში ბუნებრივი გაზის ფიუჩერსების საორიენტაციო ფასი გასულ ერთ კვირაში 20%-ით, ხოლო აგვისტოს შემდეგ 70%-ით დაეცა. მეტიც, 24 ოქტომბერს, ევროპის ბირჟებზე ჰოლანდიური გაზის ფიუჩერსის ფასი რაღაც დროით €0 ჩამოცდა - ანუ, ფასიანმა ქაღალდმა ღირებულების 100% დაკარგა.

ფიუჩერსი საქონლის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივის შესყიდვაზე წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებაა. ფიუჩერსში დაფიქსირებულია ფასი და შესყიდვის ზუსტი თარიღი. მაგალითად, მიმწოდებლისგან 30 ოქტომბერს 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა შეიძინოთ $400-ად. ეს ნიშნავს, რომ 30 ოქტომბრისთვის რაც არ უნდა იყოს საქონლის ფასი, თქვენ მას მიმწოდებელი ფიუჩერსში ფიქსირებულ ფასად მოგაწვდით. თუ 30 ოქტომბრისთვის 1000 კუბური მეტრი გაზი $400-ზე მეტი ეღირება, თქვენ მოგებული დარჩებით, თუ ნაკლები - გამოდის, რომ ფიუჩერსის შესყიდვის გადაწყვეტილება წამგებიანი იყო. 

ფასიან ქაღალდების ღირებულების ვარდნა რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. მაგალითად, CNN-ის ცნობით, ევროკავშირის ბუნებრივი აირის მარაგები თითქმის სრულად შეავსო, ხოლო პორტები თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) 100-ობით ტანკერითაა დატვირთული.

Wood Mackenzie-ის ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის კვლევის ვიცე პრეზიდენტი, მასიმო დი ოდოარდო ბუნებრივი აირის ფასის ვარდნის კიდევ ერთ მიზეზად ევროპაში უჩველოდ თბილ ამინდებს ასახელებს.

"ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჩვენ ვხედავთ ისეთ ტემპერატურასა და გაზის მოხმარება, როგორიც იყო აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში. ჩრდილოეთის ქვეყნებშიც კი, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, მოხმარება წლის ამ დროისთვის საშუალოზე დაბალია". – ამბობს დი ოდოარდო.

მას შემდეგ, რაც რუსეთიდან შეწყდა ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, ბლოკმა გაზარდა თხევადი გაზის აშშ-დან და კატარიდან იმპორტი. 

ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებით, ევროკავშირმა გაზის მარაგები თითქმის 94%-ით შეავსო. აღნიშნული პროცენტი ბევრად აღემატება ევროკავშირის მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის დაწესებულ 80%-იან მინიმუმს, რომლისთვისაც ქვეყნებს ნოემბრისთვის უნდა მიეღწიათ. 

კომენტარები