ირანი

ირანის ხელისუფლება: შიიტურ ტაძარზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ შირაზში, შიიტურ შაჰ-ჩერაჰის ტაძარში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის თქმით, თავდასხმის უკან სუნიტი მებრძოლები იდგნენ და მათ პასუხი აუცილებლად გაეცემათ.

"გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ირანის მტრები, ქვეყნის გაერთიანებულ რიგებში განხეთქილების შეტანის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შურს ძალადობითა და ტერორით იძიებენ ხოლმე. ეს დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება და უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოები გაკვეთილს ასწავლიან მათ, ვინც ეს თავდასხმა დაგეგმა და განახორციელა". - თქვა რაისიმ.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის აჰმად ვაჰიდის შეფასებით, "ამგვარ ტერორისტულ თავდასხმებს" გზა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა გაუკაფეს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული და დაღუპულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია.

ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, მესამე კი კვლავ იძებნება. თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ტაძართან მანქანაში იმყოფებოდა ვიდრე შიიტ მომლოცველებს თავს დაესხმებოდა.

კომენტარები