ქართული ოცნება

თალაკვაძე: საქართველოში რუსეთის მთავარი მოკავშირე მიხეილ სააკაშვილია

პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნებისთვის მიუღებელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, რადგან, თალაკვაძის აზრით, სააკაშვილი ქვეყანაში რუსეთის მთავარი მოკავშირეა.

"მიუღებელია, როდესაც საქართველოში რუსეთის მთავარი მოკავშირე, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ყველა ანტიევროპული საქმე გააკეთა, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანის უფლებები დაარღვია, საკუთრების უფლება ხელყო და მედია დაარბია, რომელიმე რეზოლუციაში იყოს მოხსენიებული, რომ თითქოს ის პუტინისა და რუსეთის მოწინააღმდეგეა. პირიქით, ამ წლების განმავლობაში, უახლეს ისტორიაში მან ყველაზე მეტი რუსული საქმე გააკეთა. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უპირობოდ ძლიერი რჩება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის უკრაინასთან დაკავშირება ჩვენთვის გაუგებარიცაა და მიუღებელიც". - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.

13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია". დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომლითაც 13 ოქტომბერს ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, ნათქვამია:

"ასამბლეა ასევე ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)".

კომენტარები