ევროკავშირი

EU რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის თანახმადაც ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ სამოგზაურო დოკუმენტებს არ აღიარებს.

ინიციატივას მხარი 540-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია უკანონოა, ხოლო ევროკავშირი გმობს საქართველოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. 

"ევროკავშირისა და EEA-ს (ევროპის ეკონომიკური ზონა) წევრებმა აღარ უნდა მიიღონ ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. წინადადების თანახმად, კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციის შედეგად უნდა შეადგინოს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სია, რომლებიც  აღიარებული აღარ იქნება". – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ყველას აქვს უფლება გაექცეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ევროკავშირში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შევიდეს.

ამასთან, ევროკომისიას უფლება ექნება ოკუპირებული ტერიტორიების სიაში დაამატოს ახალი რეგიონები, ან ამოიღოს ისინი შესაბამისი დელეგირებული აქტებით.

კომენტარები