რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, პასუხს გაგცემთ – ЗСУ ბელარუსებს მიმართავს

ბელარუსი სამხედროები
belprauda.org

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა (ЗСУ) ბელარუსი ხალხისა და არმიის მიმართ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ საუკუნეთა განმავლობაში ორ ერს მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებდათ დღეს კი მათი ხელმძღვანელობა რუსეთის აგრესიასა და ომში ჩაბმას აპირებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, ბელარუსში დაწყებულია შეფარული მობილიზაცია, რომელსაც სამხედრო მზადყოფნის შემოწმებებად ნიღბავენ.

ვიდეომიმართვაში ხაზგასმულია, რომ უკრაინა ბელარუსს არასდროს უქმნიდა საფრთხეს და არც ახლა უქმნის. ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საუბრობდა უკრაინის მხრიდან არარსებულ საფრთხეებსა და პრევენციული დარტყმების მზადყოფნაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, იერიშის ბრძანება მიუვა რუსი და ბელარუსი სამხედროების ერთიან დაჯგუფებას და ბელარუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ომზე უარი რომც თქვან, შეიძლება, რუსებმა მათი ნაწილებს მოქმედება აიძულონ.

"თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიას, ჩვენ პასუხს გაგცემთ. პასუხს გაგცემთ ისე მკაცრად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინის ტერიტორიაზე ყველა ოკუპანტის საპასუხოდ, არსენალში არსებული ყველა შეიარაღების საშუალებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანით. ჩვენ ეს არ გვინდა.

ბელარუსის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, არ შეასრულოთ თქვენი ხელისუფლების ბრძანებები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, რაც ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით დანაშაულია. მოგიწოდებთ, არ გახდეთ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ უკვე ჩადენილი ომის დანაშაულების პასუხისმგებლობის თანაგამზიარებლები". – ნათქვამია მიმართვაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუს ჯარისკაცებს მიმართავს, რომ თუ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას დააძალებენ, ბრძანებას არ დაემორჩილონ და მათ ჩაბარდნენ.

"კედლები ეცემა, კრემლის კედელიც არაა სამუდამო. იმპერიები ინგრევა, რჩება ერები, უბრალო ხალხი, რომლებიც შესაძლოა მეგობრები იყვნენ, ან მტრები. როგორ იქნება, დამოკიდებულია არა ლუკაშენკოსა და პუტინზე, არამედ თითოეულ თქვენგანზე. თუ რაიმე სახით დაგაძალებენ ბელარუს-უკრაინის საზღვრის იარაღით გადაკვეთას. არ გამოიყენოთ იარაღი. შეჩერდით. იარაღი დაწიეთ და დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში არავინ გესვრით". – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები