საქართველო-უკრაინა

ზელენსკიმ ივანიშვილის ნათესავებზე სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან. განკარგულება პრეზიდენტის გვერდზეა გამოქვეყნებული.

უკრაინის მიერ სანქცირებული 256 პირიდან 4 საქართველოს მოქალაქეა, რომელთაც კავშირი აქვთ ბიძინა ივანიშვილთან.

სანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილის შვილი, ტატე მამაცაშვილი და ქეთევან ხარაიძე.

საქართველოს 4 მოქალაქეზე დაწესებული სანქციები მოიცავს 13 შეზღუდვას:

1) აქტივების დაბლოკვას;

2) სავაჭრო ტრანზაქციების შეზღუდვას;

3) უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენებისა და ტრანსპორტირების ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას; 

4) უკრაინის საზღვრებს გარეთ კაპიტალის გატანის შეზღუდვას;

5) ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას;

6) კონკრეტულ აქტივობებზე, კერძოდ, წიაღისეულის გამოყენების, ლიცენზიებისა და სხვა სახის ნებართვების შეჩერებას;

7) პრივატიზაციაში მონაწილეობის, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სახელმწიფო საკუთრების იჯარით აღების აკრძალვას;

8) უკრაინის ტერიტორიაზე უცხოეთის არასამხედრო და სამხედრო ხომალდების უკრაინის ზღვაში, პორტებში, საჰაერო სივრცეში შეყვანის აკრძალვას;

9) უცხო ქვეყანაში ინვესტიციებისთვის უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვას;

10) უკრაინაში უცხო ქვეყნიდან იმპორტირების ლიცენზიის ან უკრაინიდან სავალუტო ღირებულებების გატანის აკრძალვას და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ გაცემულ საგადასახადო ბარათებზე ნაღდი ფულის გაცემის შეზღუდვას;

11) ტექნოლოგიებისა და ინტელექუტალური საკუთრების ობიექტების გადაცემის აკრძალვას;

12) უკრაინის სახელმწიფო ჯილდოებისა და სხვა აღიარებების ჩამორთმევას;

13) მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვას.

კომენტარები