რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტას გეგმავს

REUTERS/Amr Alfiky

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, იგი პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგეს წინადადებას, რომ რუსეთის მიერ ირანული წარმოების უპილოტო თვითმფირინავებით თავდასხმის პასუხად თეირანთან დიპლომატიური კავშირი ოფიციალურად შეწყვიტონ.

გუშინ, 17 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ათეულობით უპილოტო თვითმფრინავი ე.წ. კამიკაძე გაუშვა, რის შედეგადაც კიევის დედაქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კიევის ცნობით, თავდასხმები ირანული წარმოების Shahed-136-ით განხორციელდა, თუმცა თეირანი უარყოფს რუსეთისთვის დრონების მიწოდებას.

კულებას თქმით, კიევი დარწმუნებულია, რომ დრონები ირანულია და უკრაინა მზადაა მტკიცებულებები გაუზიაროს ეჭვქვეშ მყოფ ევროპულ ძალებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის მიწოდებისა და ამ სექტორში თანამშრომლობის მოთხოვნით ოფიციალურ ნოტას დაუყოვნებლივ გაუგზავნის. 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და კიევს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, სირიის გამო მოსკოვთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, უკრაინას სამხედრო დახმარეს არ აწვდის. 

თუმცა, 16 ოქტომბერს ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრმა, ნახმან შაიმ ისრაელის მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღარ უნდა არსებობდეს ეჭვი იმაზე, თუ კონფლიქტის რომელ მხარეს დგას ისრაელი. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა ნახმან შაიმის კომენტარს და აღნიშნა, რომ თუ ისრაელი უკრაინას იარაღს მიაწვდის ეს "ძალიან უგუნური ნაბიჯი" იქნება. 

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის წევრმა, იუსტიციის მინისტრმა გედეონ საარმა დღეს, 18 ოქტომბერს აღნიშნა, რომ ისრაელის პოზიცია უცვლელია - მხარდაჭერა იარაღის სისტემების მიწოდებას ისევ არ გულისხმობს. 

ამერიკის შეერთებული შტატების ბრიტანეთსა და საფრანგეთს შეუერთდა შეფასებაში, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს

14 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საკუთარი მარაგების შემცირების ფონზე, სავარაუდოდ, სხვა სანქცირებული ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო და უფრო მეტ იარაღს ყიდულობს. 

როგორც ბრიტანული დაზვერვა, უკრაინის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა, დიდი ალბათობით, უკვე დაიწყო ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ფრონტზე გამოყენება.13 სექტემბერს უკრაინის წარმომადგენლების ცნობით, მათმა ძალებმა კუპიანსკთან ირანული Shahed-136 ჩამოაგდეს.

ირანის მტკიცებით, Shahed-136-ს 2 500 კილომეტრის რადიუსზე ფრენა შეუძლია.

ბრიტანეთის დაზვერვის დასკვნით, ფაქტი, რომ რუსეთი ირანულ დრონებს ფრონტის ხაზთან ახლოს იყენებს, მეტყველებს იმაზე, რომ, შესაძლოა, ისინი ამ სისტემის გამოყენებას ტაქტიკური იერიშებისთვის აპირებენ, ვიდრე უკრაინის სიღრმეში სამიზნეების განადგურებისთვის.

კომენტარები