რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება გაეროს რეზოლუციის დარღვევაა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ვედანტ პატელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ აშშ ეთანხმება ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.

"დღეს ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ აღნიშნეს, რომ ირანის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა. ჩვენ ამას ვეთანხმებით". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა.

14 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საკუთარი მარაგების შემცირების ფონზე, სავარაუდოდ, სხვა სანქცირებული ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო და უფრო მეტ იარაღს ყიდულობს. 

როგორც ბრიტანული დაზვერვა, უკრაინის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა, დიდი ალბათობით, უკვე დაიწყო ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ფრონტზე გამოყენება.13 სექტემბერს უკრაინის წარმომადგენლების ცნობით, მათმა ძალებმა კუპიანსკთან ირანული Shahed-136 ჩამოაგდეს.

ირანის მტკიცებით, Shahed-136-ს 2 500 კილომეტრის რადიუსზე ფრენა შეუძლია.

ბრიტანეთის დაზვერვის დასკვნით, ფაქტი, რომ რუსეთი ირანულ დრონებს ფრონტის ხაზთან ახლოს იყენებს, მეტყველებს იმაზე, რომ, შესაძლოა, ისინი ამ სისტემის გამოყენებას ტაქტიკური იერიშებისთვის აპირებენ, ვიდრე უკრაინის სიღრმეში სამიზნეების განადგურებისთვის.

კომენტარები