რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: ზაპოროჟიეს ელექტროსადგური მთავარი გადამცემის დაზიანების გამო სარეზერვო ენერგიაზეა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
REUTERS/Alexander Ermochenko/File Photo

გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სარეზერვო ენერგია ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურიდან მიეწოდება მას შემდეგ, რაც მთავარი, 750 კილოვოლტის სიძლიერის ელექტროგადამცემი ხაზი დღეს, 17 ოქტომბერს ოკუპანტების თავდასხმის გამო ხელახლა დაზიანდა. 

"დღეს, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 750 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, ZNPP-ის 20 გადაუდებელი დიზელის გენერატორიდან ერთ-ერთმა ავტომატური ფუნქციონირება დაიწყო. თუმცა, ის მალევე გამოირთო, რადგან სარეზერვო ელექტროსისტემამ სადგურისთვის საჭირო ენერგიის მიწოდება დაიწყო". - წერია საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებაში. 

8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზისორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები