რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ხერსონის კონცერტში მონაწილეობაზე უარის გამო, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი მოკლეს

უკრაინის კულტურის სამინისტროს ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მუსიკოსი საკუთარ სახლში მოკლეს მას შემდეგ, რაც მან ოკუპირებულ ხერსონში კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"პირველ ოქტომბერს ხერსონში გამართულ კონცერტზე კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი იური კერპატენკო უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი თქვა". - წერია უკრაინის კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

ე.წ. ხერსონის რეგიონულმა პროკურატურამ "ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მუხლით ფორმალური გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონის გარეთ მყოფმა ოჯახის წევრებმა კერპატენკოსთან კონტაქტი სექტემბრიდან დაკარგეს. 

მომხდარს უკრაინელი მწერალი, ვიქტორია ამელინაც გამოეხმაურა: "ჩვენ ვიცით, რომ რუსული რეჟიმი აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, მხატვრებზე, სამოქალაქო ლიდერებსა და ყველა იმ ადამიანზე ნადირობს, რომელიც მზადაა, ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიოს". - თქვა მან. 

ამელინამ კერპატენკო უკრაინელ დრამატურგს, მიკოლა კულიშს შეადარა. "კულიში 1937 წლის 3 ნოემბერს, სანდარმოხის მახლობლად, 289 სხვა უკრაინელ მწერალთან, მხატვარსა და ინტელექტუალთან ერთად დახვრიტეს. იური კერპატენკო კი ხერსონში, საკუთარ სახლში - 2022 წლის ოქტომბერში". 

ასევე, კერპატენკოს მკვლელობას საფრანგეთში მოღვაწე რუსი დირიჟორი სიმიონ ბიჩკოვიც გამოეხმაურა.

"ტრაგიკული ირონია არის ის, რომ ხშირად საუბარი გვაქვს რუსული კულტურის უპირატესობაზე, მის ჰუმანურობაზე და ამის პარალელურად, რუსებმა მოკლეს ადამიანი, რომელსაც სილამაზის შექმნის უნარი ჰქონდა. ამაზრზენია". - თქვა ბიჩკოვმა. 

გარდა ამისა, უკრაინელი ავტორის, ანდრეი კურკოვის თქმით, იური კერპატენკოს სახელი უკრაინის მოკლული ხელოვანების სიას დაემატება. 

"სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ რუსეთს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია სურს, არამედ ის გულმოდგინედ ცდილობს უკრაინული იდენტობის განადგურებას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც უკრაინული კულტურაა". - თქვა კურკოვმა. 

კომენტარები