რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს ბირთვული ძალების წვრთნები დღეს, 17 ოქტომბერს იწყება, რუსეთის – სავარაუდოდ, თვის ბოლოს

უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ, NATO და რუსეთი ბირთვული ძალების წვრთნებს ერთმანეთის პარალელურად გამართავენ

დღეს, 17 ოქტომბერს NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს Steadfast Noon-ის იწყებს - მასში მონაწილე 14 სახელმწიფოს შორის აშშ-ცაა.

წვრთნები ითვალისწინებს იმ მოიერიშე თვითმფრინავების გამოცდას, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება, თუმცა ბორტზე რეალური იარაღი არ იქნება. აშშ უზრუნველყოფს B-52 ბომბდამშენებს, რომლებიც დაფრინავდნენ ჩრდილოეთ დაკოტას მინოტის საჰაერო ბაზიდან. ძირითადი სავარჯიშო არეალი რუსეთიდან 625 მილზე მეტი იქნება.

NATO-ს ცნობით, წვრთნებში 60-მდე თვითმფრინავი იქნება ჩართული, მათ შორის მოწინავე გამანადგურებელი, სათვალთვალო და ტანკერი თვითმფრინავი. ფრენები განხორციელდება ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე.

რუსეთის ბირთვული წვრთნები ყოველწლიურად ტარდება. აშშ ინფორმაციით, წვრთნები რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მის ფარგლებში სამხედროები რაკეტებს გაუშვებენ და სტრატეგიულ აქტივებს განალაგებენ. 

აშშ-ს რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი და აშშ-ს დაზვერვის საზოგადოება რუსეთის წვრთნებისას მოსკოვის ბირთვული იარაღის ნებისმიერ მოულოდნელ ან უჩვეულო მოძრაობას დააკვირდება. რუსეთის წვრთნები თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. 

"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის რიტორიკა და მისი გადაწყვეტილება ამ წვრთნების გაგრძელების შესახებ უკრაინასთან ომის დროს არის უპასუხისმგებლო. ბირთვული იარაღის დამზადება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით არის უპასუხისმგებლო“, - განუცხადა CNN-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

21 სექტემბერს, როდესაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, ბაიდენის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება".

კომენტარები