საქართველო-ევროკავშირი

"მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობას” - PES-ის რეზოლუცია

გერმანიაში მიმდინარე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია.

"მხარს ვუჭერთ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მზადყოფნას, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. მათი მომავალი ევროკავშირშია და გვინდა, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე მას შემდეგ, რაც ქვეყნები ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ - მათ შორის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას", - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კომენტარები