რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთი უკრაინას Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ-ს არმიის MIM-23B Hawk-ის მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემა, ოპერაცია უდაბნოს ფარი
Getty Images

ესპანეთი უკრაინას MIM-23B Hawk-ის მიწა-ჰაერის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. უკრაინას ესპანეთისგან საჰაერო თავდაცვის 4 სისტემას გაუგზავნის.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა ესპანელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესს Twitter-ზე მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს არის სწრაფი რეაგირება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით. 

რეზნიკოვის თქმით, დამატებითი Hawk-ები გზაშია. 

რეზნიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვა დღეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაა პრიორიტეტული.

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყდა.

იერიშების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდა. ამას გარდა, პენტაგონში გამოაცხადეს, რომ უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დააჩქარებდნენ.

ასევე, მასშტაბური იერიშების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს დღეებში ბერლინისგან IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის 4 სისტემებს მიიღებდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა 12 ოქტომბერს თქვა, რომ IRIS-T-ს სისტემები უკრაინაში ჩავიდა.

NATO-ს მინისტერიალის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების პრიორიტეტულობას.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას AIM-120-ის (AMRAAM) ტიპის რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა, ბრიუსელში ჩატარებული NATO-ს მინისტერიალის წინ განაცხადა.

უკრაინას უახლოეს დღეებში საჰაერო თავდაცვით დახმარებას ჰპირდება საფრანგეთის პრეზიდენტიც, ემანუელ მაკრონი.

კომენტარები