ილონ მასკი

ილონ მასკის კომპანია უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ STARLINK-ს უფასოდ აღარ მიაწვდის

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. 

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს წერილი მისწერა,  რომლის მიხედვით, კომპანიას აღარ შეუძლია Starlink-ის სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ უნდა ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი.

"ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ განვაგრძოთ ტერმინალების უფასოდ მიცემა უკრაინისთვის, ან დავაფინანსოთ აღნიშნული ტერმინალები განუსაზღვრელი ვადით". – წერია SpaceX-ის წერილში. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე წინ უძღვოდა გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის კომენტარი ილონ მასკის გეგმაზე უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად. მასკის გეგმის მიხედვით, უკრაინამ რუსეთს სამუდამოდ უნდა დაუთმოს ყირიმი, გაეროს ეგიდით ჩატარდეს ახალი რეფერენდუმი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ბედის დასადგენად და უკრაინა უნდა დაეთანხმოს ნეიტრალიტეტს. 

"გაა*ვი არის შენთვის ჩემი ძალიან დიპლომატიური პასუხი. ერთადერთი შედეგი ის იქნება, რომ არცერთი უკრაინელი არასდროს იყიდის შენი დედამოტ*ნული ტესლას ნაგავს. წარმატებებს გისურვებ". – დაწერა ანდრეი მელნიკმა Twitter-ზე.

SpaceX-ის გადაწყვეტილების შემდეგ კი ილონ მასკმა დაწერა, რომ ის მხოლოდ უკრაინელი დიპლომატის რეკომენდაციას ითვალისწინებს.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ფრონტის ხაზზე ილონ მასკის Starlink-ის საკომუნიკაციო და სანავიგაცო სისტემის გათიშვა დაიწყო. სამხედროების თქმით, ეს მათ წინსვლას აფერხებს.

ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკმა Starlink-ის ათეულობით ტერმინალი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა. გარდა ამისა, SpaceX-ის მიერ შექმნილი ინტერნეტ ნავიგატორები კიევს აშშ-მაც მიაწოდა. Starlink-ის ტერმინალებით უკრაინელი სამხედროები ერთმანეთთან დაკავშირებას ახერხებენ მაშინ, როცა სხვა უსაფრთხო ქსელი აღარ არსებობს ისეთი ინფორმაციის გადასაცემად, როგორიცაა სადაზვერვო ცნობები, ან დრონების სავარაუდო მდებარეობა. ასევე, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ინტერნეტი Starlink-ის ტერმინალით მიეწოდება. 

ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის სიტყვებით, გათიშვებმა გასულ კვირებში ფრონტის ზოგიერთ დანაყოფზე კომუნიკაციის სრულად ჩამოშლა გამოიწვია. წყაროების ცნობით, რიგ შემთხვევებში, ტერმინალები იმ დროს ითიშებოდა, როდესაც უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ხაზი უკვე გადაკვეთილი ჰქონდათ.

რომან სინიცინმა, Serhiy Prytula-ს ფონდის კოორდინატორმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის სისტემებით ამარაგებს, თქვა, რომ გათიშვის სავარაუდო მიზეზი რუსული ძალების მხრიდან ტერმინალის ბოროტად გამოყენების აღკვეთაა.

"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რატომ აკეთებენ ამას Starlink-ის წარმომადგენლები - რათა რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მათი ტექნოლოგიის სათავისოდ გამოყენება ვერ შეძლონ". - თქვა სინიცინმა.

ილონ მასკმა Financial Times-თან კომენტარზე უარი თქვა. მოგვიანებით, მან სტატია Twitter-ზე გამოაქვეყნა და გამოცემა პროფესიონალიზმის დაბალ ხარისხში დაადანაშაულა. მასკის მტკიცებით, სიცრუეა, რომ რომელიმე მხარემ Starlink-ის ტერმინალები საკუთარი სახსრებით შეისყიდა. მასკის თქმით, ეს მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ტერმინალს ეხება. 

"ეს ოპერაცია SpaceX-ს $80 მილიონი დაუჯდა და წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს". - წერს მასკი Twitter-ზე. 

კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმაც, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ. 

კომენტარები