ილონ მასკი

მასკი: ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ განაგრძობს NATO არსებობას

Carina Johansen/NTB/AFP/Getty Images

ამერიკელი ბიზნესმენი და X-ის მფლობელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმაზე ბიზნესმენ დეივიდ საკსის პოსტს დაეთანხმა, რომელშიც საკსი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ NATO-ს მისია "ექსპანსია" გახდა.

"1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და NATO ეგზისტენციალური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა: მისი არსებობის მიზეზი აღარ არსებობდა. მაგრამ დაშლის მაგივრად, ახალი მისია შეიმუშავა: გაფართოების. და თვითქმნადი წრით, NATO-ს ექსპანსია საჭირო მტრობას შექმნიდა, რათა საკუთარი არსებობა გაემართლებინა". - წერს დეივიდ საკსი პოსტში.

საკსის პოსტს ილონ მასკი დაეთანხმა და დაწერა, რომ "ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აგრძელებს NATO არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნემესისი და არსებობის მიზეზი - ვარშავის პაქტი - დაიშალა".

მასკის პოსტს X-ის "მკითხველებმა" შენიშვნა დაუსვეს, რისი მიზანიც, მომხმარებლების მიერ სხვებისთვის მცდარ პოსტებზე საჭირო კონტექსტის მიწოდება ან მცდარი ინფორმაციის გამოაშკარავებაა. "მკითხველების" თქმით, "ვარშავის პაქტი NATO-ს შექმნაზე რეაქცია იყო, და არა - პირიქით". ხოლო "NATO კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც ერთეულ მოწინააღმდეგეზე არაა მიმართული".

მასკის განცხადების საპასუხოდ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა თქვა, რომ "NATO-ს დაარსების, არსებობისა და არსებობის გაგრძელების მიზეზს რუსეთი და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრები წარმოადგენენ".

კომენტარები