ირანი

ბაიდენი: აშშ ძალადობაზე პასუხისმგებელ ირანელ მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ იმ ირანელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ირანში მიმდინარე აქციების მსვლელობისას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში, დამატებით სანქციებს დაუწესებს.

აქამდე, 23 სექტემბერს აშშ-მ ირანის მორალის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე მაღალჩინოსანს ირანელი ქალების მიმართ ძალადობისა  და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გამო სანქციები უკვე დაუწესა.

აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები ირანის უსაფრთხოების 7 ინსტიტუტის, მათ შორის მორალის პოლიციის, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროსა და არმიის სახმელეთო ძალების მაღალჩინოსნებს დაუწესა. აშშ-ს ინფორმაციით, მაღალჩინოსნები იმ ორგანიზაციებს ზედამხედველობენ, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, პოლიტიკური დისიდენტების, ქალთა უფლებების აქტივისტებისა და ირანული ბაჰაის თემის წევრების ჩასახშობად ძალადობას რეგულარულად იყენებენ.

ირანის მოსახლეობა მორალის პოლიციის მიერ 22 წლის მაჰსა ამინის ცემისა და შემდგომში მისი გარდაცვალების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. 

საპროტესტო აქციები გაგრძელდა თეირანის ცენტრში, სადაც ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღდეგ შეიკრიბა. აქტივისტებმა დახიეს ხომეინის პოსტერები და ის უგუნურ ლიდერად მოიხსენიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის მოედნიდან, თეირანის უნივერსიტეტთან ახლოს, უსაფრთხოების ძალებმა აქტივისტები დაარბიეს. საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 80-ზე მეტია.

"დადასტურებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 83 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები მოკლეს". - წერს ირანის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Twitter-ზე. 

პოლიციის ინფორმაციით, ამინი ავად მაშინ გახდა, როდესაც სხვა ქალების დაკავებას მორალის პოლიციასთან ერთად ელოდებოდა. უწყება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებულ მკაცრ წესებს აკონტროლებს. კანონი ქალებს თმების დაფარვასა და საჯარო სივრცეში ფართო ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

კომენტარები