რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

RATING GROUP: უკრაინის მოსახლეობის 83%-ს NATO-ში შესვლა სურს

Ukrinform

უკრაინული კვლევითი ორგანიზაციის, Rating Group-ის კვლევის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 83%-ს NATO-ში შესვლა სურს. Rating Group-ის ინფორმაციით, NATO-ს წევრობის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად დაფიქსირებულა. 

კვლევაში მონაწილეობა 2 000-მა უკრაინელმა მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყანა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს. 

NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი გამოკითხულთა მხოლოდ 4% აღმოჩნდა, ხოლო 9%-მა თქვა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებს. 

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს

"ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დღეს უკრაინა აკეთებს განაცხადს, რომ ეს დე იურედ მოხდეს". - თქვა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, 2 ოქტომბერს NATO-ს წევრმა 9 სახელმწიფომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. სახელმწიფოთა ლიდერების თქმით, ქვეყნები ერთგულნი არიან ბუქარესტის სამიტის გადაწვყეტილების - უკრაინის მომავალი წევრობასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არც ახლა და არც არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია.

მტკიცედ ვდგავართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე - უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში. 

ამასთანავე, ხელმომწერი სახელმწიფოების ლიდერებმა მოუწოდეს ყველა მოკავშირეს, გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. 

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენებ ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

კომენტარები