ოკუპირებული აფხაზეთი

ავიძბა: საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი, ესმით, თუ დაიწყება, შეიცვლებიან

ახრა ავიძბა აფხაზეთში, 2022 წლის 29 სექტემბერი

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონი პიატნაშკას მეთაური, ახრა ავიძბა ამბობს, რომ "დასავლელ კურატორებს" საქართველოს ომში ჩართვა სურთ და ამისთვის თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ომი არ სურს.

"საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი. მათ ესმით: თუ ომი დაიწყება, [მთავრობა] შეიცვლება. ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა სურს, რათა ამ ტალღაზე ჩვენ დაგვესხან თავს". – თქვა ავიძბამ სოხუმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

ავიძბას თქმით, 2008 წელს საქართველოს "ტენიდნენ იარაღით", რომელმაც შემდეგ "გაისროლა".

"დღეს თურქეთიდან გემებით მათთან იარაღი მიდის. ორჯერ ჩაატარეს სწავლებები, მათთან იარაღი შეიტანეს ამ საფარველის ქვეშ და არაფერი გაუტანიათ. დღეს მათთან ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს". – თქვა ავიძბამ. 

ავიძბას მტკიცებით, საქართველო ომისთვის ემზადება. 

"საქართველო ომისთვის ემზადება. მათ რომ გადაიფიქრონ, ამისთვის ჩვენც უნდა მოვემზადოთ". – თქვა ავიძბამ.

ავიძბას თქმით ქართველ ხალხს ცუდად არ იცნობს და მისი აზრით, ერთმანეთისგან განსხვავდება მათი და საქართველოს მთავრობის აზროვნება. 

"მეორე შვილი ქართველისგან მყავს. ხალხთან პრეტენზიები არ მაქვს. მე მათთან ერთად გავიზარდე სოჭში. სპორტდარბაზში 90% ქართველები მყავდნენ. მაგრამ მათი და მათი მთავრობის აზროვნება განსხვავდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტი ხალხი უკრაინასა და საქართველოში არიან". – თქვა ავიძბამ. 

ახრა ავიძბა 29 სექტემბერს სოხუმში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ, მისი მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაში ხელს უშლიდნენ. 

აქამდე, სექტემბრის შუა რიცხვებში ახრა ავიძბამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან რუსეთში არ უშვებდნენ. ის ამ აკრძალვაში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ადანაშაულებდა. მან ბჟანიას "დროებითი პრეზიდენტი" უწოდა. 

"აფხაზეთამდე მაინც მივაღწევ. ტყუილად იქცევით ასე და როგორც ჩანს, უკვე, ტყუილად არ გეშინიათ. მელოდეთ". – მიმართა ავიძბამ ასლან ბჟანიას.

ამ მიმართვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ავიძბამ მოსკოვში ჩასვლა შეძლო. აქ ის სიტყვით გამოვიდა უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ კონცერტზე.

ავიძბა მონაწილეობდა მარიონეტულ აფხაზეთში 2020 წლის შიდა კრიზისში, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. 2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, თუმცა ამავე წლის ნოემბერში თანამდებობდა დატოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" იყო.

2021 წლის მარტში ავიძბა აფხაზეთში დონეცკელ სეპარატისტებთან ერთად დააკავეს, იარაღის უკანონო შენახვისა და ვაჭრობის ბრალდებით. ის ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს. ავიძბას ამ უკანასკნელი მუხლით ბრალი არ წაუყენეს. ივნისში ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ინტერნაციონალური ბრიგადა პიატნაშკა შეიქმნა 2014 წლის ივნისში, აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების მიერ, როდესაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი მიმდინარეობდა.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს პიატნაშკას ბაზაზე და შედეგად მოწინააღმდეგის მხარეს ბევრი დაღუპული და დაშავებული იყო.

კომენტარები