ოკუპირებული აფხაზეთი

ავიძბა ირწმუნება, რომ მოსკოვში წასვლა სურს, თუმცა ე.წ. დსრ მას არ უშვებს

ახრა ავიძბა

ბატალიონი პიატნაშკას მეთაურმა, აფხაზმა ახრა ავიძბამ ბატალიონის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ მას მარიონეტული თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრიდან რუსეთში არ უშვებენ. 

ვიდეოში ავიძბა უცხო პირთან ერთად არის, რომელზეც ის ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოსკოვშია გადასაყვანი და მას სწორედ ამაში ეხმარებოდა, მაგრამ მარიონეტული დონეცკის მეთაურობა მას ე.წ. საზღვარზე არ უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ დსრ-ს ე.წ. მოქალაქე არაა. 

ვიდეოში ავიძბამ მარიონეტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მიმართა. სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ბატალიონის მეთაურს მიაჩნია, რომ შეზღუდვა სწორედ ასლან ბჟანიას მიერაა ნაკარნახები და მას "დროებით პრეზიდენტს" უწოდებს.

"აფხაზეთამდე მაინც მივაღწევ. ტყუილად იქცევით ასე და როგორც ჩანს, უკვე, ტყუილად არ გეშინიათ. მელოდეთ". – მიმართა ავიძბამ ასლან ბჟანიას.

ავიძბა მონაწილეობდა მარიონეტულ აფხაზეთში 2020 წლის შიდა კრიზისში, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. 2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, თუმცა ამავე წლის ნოემბერში თანამდებობდა დატოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" იყო.

2021 წლის მარტში ავიძბა აფხაზეთში დონეცკელ სეპარატისტებთან ერთად დააკავეს, იარაღის უკანონო შენახვისა და ვაჭრობის ბრალდებით. ის ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს. ავიძბას ამ უკანასკნელი მუხლით ბრალი არ წაუყენეს. ივნისში ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ინტერნაციონალური ბრიგადა პიატნაშკა შეიქმნა 2014 წლის ივნისში, აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების მიერ, როდესაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი მიმდინარეობდა.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს პიატნაშკას ბაზაზე და შედეგად მოწინააღმდეგის მხარეს ბევრი დაღუპული და დაშავებული იყო.

კომენტარები