ოკუპირებული აფხაზეთი

ბატალიონი "პიატნაშკას" მეთაური, ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა

ახრა ავიძბა აფხაზეთში, 2022 წლის 29 სექტემბერი

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონი პიატნაშკას მეთაური, ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა. მან კომენტარი სეპარატისტების მედიასთან, აიაშარასთან გააკეთა.

ავიძბას თქმით, აფხაზეთში "თავგადასავლების გარეშე არ დაბრუნებულა".

"ორჯერ გვითხრეს, არ შეიძლება ჩამოსვლაო. მთავარია ვიცით, საიდან იღება საზღვარი". – თქვა ავიძბამ.

ავიძბას თქმით, მისი აფხაზეთში ჩასვლა ე.წ. აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება. ამ დღეს მარიონეტული რეჟიმი 30 სექტემბერს აღნიშნავს.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ აფხაზეთში ბატალიონი პიატნაშკას სხვა წევრებიც ჩავიდნენ. 

აქამდე, სექტემბრის შუა რიცხვებში ახრა ავიძბამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან რუსეთში არ უშვებდნენ. ის ამ აკრძალვაში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ადანაშაულებდა. მან ბჟანიას "დროებითი პრეზიდენტი" უწოდა. 

"აფხაზეთამდე მაინც მივაღწევ. ტყუილად იქცევით ასე და როგორც ჩანს, უკვე, ტყუილად არ გეშინიათ. მელოდეთ". – მიმართა ავიძბამ ასლან ბჟანიას.

ამ მიმართვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ავიძბამ მოსკოვში ჩასვლა შეძლო. აქ ის სიტყვით გამოვიდა უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ კონცერტზე.

ავიძბა მონაწილეობდა მარიონეტულ აფხაზეთში 2020 წლის შიდა კრიზისში, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. 2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, თუმცა ამავე წლის ნოემბერში თანამდებობდა დატოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" იყო.

2021 წლის მარტში ავიძბა აფხაზეთში დონეცკელ სეპარატისტებთან ერთად დააკავეს, იარაღის უკანონო შენახვისა და ვაჭრობის ბრალდებით. ის ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს. ავიძბას ამ უკანასკნელი მუხლით ბრალი არ წაუყენეს. ივნისში ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ინტერნაციონალური ბრიგადა პიატნაშკა შეიქმნა 2014 წლის ივნისში, აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების მიერ, როდესაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი მიმდინარეობდა.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს პიატნაშკას ბაზაზე და შედეგად მოწინააღმდეგის მხარეს ბევრი დაღუპული და დაშავებული იყო.

 

კომენტარები