რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ხალხის არჩევანის განხილვას არ ვაპირებთ

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიევს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. 

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ის მოლაპარაკებების დროს არ აპირებს ე.წ. რეფერენდუმების შედეგად მიღებულ "არჩევანზე" საუბარს.

"კიევის რეჟიმს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღეს, და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ეს არაერთხელ ვთქვით. მაგრამ დონეცკელი, ლუგანსკელი, ზაპოროჟიელი და ხერსონელი ხალხის არჩევანის განხილვას არ ვაპირებთ. ეს (არჩევანი) გაკეთებულია. რუსეთი მას არ უღალატებს". – თქვა პუტინმა. 

პუტინის თქმით, კიევი ხალხის "თავისუფალ ნებას" პატივისცემით უნდა მიუდგეს, რადგან ეს "ერთადერთი გზაა მშვიდობისკენ". 

ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები სამუდამოდ რუსეთის მოქალაქეები ხდებიან.

"მინდა მომისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მათმა ნამდვილმა ხელმძღვანელებმა დასავლეთში, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს: ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან, სამუდამოდ". – თქვა პუტინმა. 

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები