ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

"ასე ექცევა რუსეთი მისთვის ხელსაყრელ რეჟიმებსაც" – ბოკერია ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლაზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ბელარუსის პრეზიდენტის მიერ "დემონსტრაციული მტრული გადაწყვეტილება", რაც მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაში გამოიხატა, საგანგაშო ნაბიჯია. ბოკერიას შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების ალბათობა დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. 

"ოღონდ, ჩვენი შანსი მდგომარეობს ახლა იმაში, რომ ამ კაცს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ანექსირებულია მისი ქვეყანა, მაინც პერსონალური ვირეშმაკობა ყოველთვის ახასიათებდა და შეიძლება, მოინდომოს, რომ მაინც ბოლომდე არ დაწვას ხიდები. ოღონდ ივანიშვილის რეჟიმის იმედი ჩვენ ამ პროცესში არ შეიძლება გვქონდეს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავინახოთ, თუ როგორ იქცევა პუტინის რეჟიმი იმ შემთხვევებში კი, როდესაც ამა თუ იმ ხელისუფლების ნაბიჯები მისთვის ხელსაყრელია. 

"მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავინახოთ, როგორ იქცევა პუტინის რუსეთი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამა თუ იმ ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები ხელსაყრელია. რა ლოგიკითაც ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ ჩვენს საზოგადოებას მიყიდოს, რომ იცი რა, ეს ყველაფერი, ჩაწოლა და მიყოლა იმისთვისაა, რომ პუტინი თავს არ დაგვესხას, ან არ დაგვაზიანოს, ტყუილია. პირიქითაა. 

ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა წლების განმავლობაში მოახერხა და საქართველოს ფაქტორი შეამცირა საერთაშორისო ასპარეზზე და ის, რომ ახლა მან ამ ბოლო ფაზაში უკრაინის წინააღმდეგ ღიად ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული, პროპუტინისტური, ჩვენთვის იზოლაციონისტური პოზიცია დაიკავა, ეს არის ფაქტორი მომავალი დარტყმებისთვის, რომელსაც მივიღებთ". – თქვა ბოკერიამ. 

პოლიტიკის შეფასებით, ალექსანდრ ლუკაშენკოსნაირი მარიონეტისთვისაც კი აქვს მნიშვნელობა, იმას, თუ რამხელა გავლენა აქვს ჩვენს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე თავისუფალ სამყაროში. მისი განმარტებით, სწორედ ამის გამო არ აღიარა ბელარუსმა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. 

"ეს კაცი ხომ მარიონეტი იყო ადრეც, 2008 წლის შემდეგ ის მარიონეტი იყო, მაგრამ მაშინ მან არ აღიარა იმ ფაქტორების გამო, რა ფაქტორების შექმნაც მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ. ის ხიდებს არ წვავდა, იმიტომ, რომ ფაქტორი იყო საქართველოს პოზიცია და ამ თვალსაზრისით ჩვენი ვითარება არის არსებითად გაუარესებული ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო. ამიტომ, ალბათობა და საფრთხე დღეს ამის ბევრად უფრო მაღალია". – ამბობს ბოკერია. 

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში ბელარუსის ელჩი დაიბარა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ "ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან". 

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

კომენტარები