ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

გირჩი-მეტი თავისუფლებამ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ბელარუსის საელჩოსთან გააპროტესტა

fb/გირჩი-მეტი თავისუფლება

პარტიამ გირჩი-მეტი თავისუფლება ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან გააპროტესტა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის სურათები დაწვეს.

"დღეს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის გაღიზიანება მოჰყვა. ქართველმა ხალხმა იცის მტრისა და მოყვრის გარჩევა. ჩვენ ვიცით, როგორ ველაპარაკოთ მოყვარეს და როგორ არ დავუხაროთ თავი მტერს. აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო კი ყ*ე". - წერს პარტია სოციალურ ქსელში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

კომენტარები