ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მკაცრად გმობს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა

"მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა". - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

კომენტარები