ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

საგარეო: ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყება ამ ფაქტზე შეშფოთებას გამოხატავს და ბელარუსს მოუწოდებს, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე. სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერია განცხადებაში.

აგრეთვე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

კომენტარები