საქართველო-რუსეთი

ვოლოდინი: რუსებს საქართველოს საზღვარზე რუსეთის ოკუპანტად აღიარებას სთხოვენ

ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ, რომ რუსეთი აღიარონ აგრესორ ქვეყანად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად. მისივე მტკიცებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც თითქოსდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ, მოითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაგმობას.

აქამდე მსგავსი არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდინის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მსგავს დოკუმენტს მართლაც აწერენ ხელს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

"აი, სწორედ ახლა, ნიკოლაი ვასილევიჩ კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადადის. განაცხადი რუსეთის ფედერაციის საქართველოს ტერიტორიის საოკუპაციო რეჟიმად აღიარებაზე. ეს თუ ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სავსებით ცხადია, რომ ეს დანაშაულია. პირველ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა აგრესორია. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა". – თქვა ვოლოდინმა. 

ვოლოდინი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თითქოსდა საქართველოში შემოსვლამდე გარკვეულ დოკუმენტს აწერენ ხელს, აფრთხილებს, რომ დაისჯებიან, თუ ქვეყანაში დაბრუნდებიან. 

"იქნებ, ვინც გაიქცა და ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, კარგიცაა, რომ წავიდა? მათი ნდობა არაა საჭირო. მათ უკვე გვიღალატეს. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ: მათ საკუთარი ქვეყნის, ერის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინეს. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, დაისჯებიან". – თქვა ვოლოდინმა. 

ვოლოდინმა რუსეთის დუმას ამ საკითხის შესწავლა შესთავაზა.

განახლება

აღმოჩნდა, რომ "დოკუმენტი" მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტის მიერ იყო შედგენილი და ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გაგზავნილი. "დოკუმენტი" საბოლოოდ დუმის სპიკერამდე მივიდა.

"რუსეთის დუმის თავმჯდომარე დაიტროლა". – წერს მოძრაობა სირცხვილია.


ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ სამ დღეში, როგორც რუსული მედია წერდა, 2 000-მანქანიანი რიგი დადგა. რიცხვი შემდეგში უფრო გაიზარდა. ამჟამად, რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, საზღვრის გადაკვეთის რაოდენობის მსურველთა რიგი შემცირებულია 4 960 მანქანამდე.

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შიდაადმინისტრაციულ საზღვრებზე რუსეთის სხვა ოლქებიდან ხალხის შესვლა გაართულეს.

ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ, საკითხთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები