საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში

კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა მიდიოდა

კი, დედაქალაქს, თბილისს ჰყავს, ყველაზე ახალი, და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის ავტობუსები და მიკროავტობუსები, და ეს რატომ, იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგვეახლებინა პარკი. შეგიძლიათ ნახოთ, გადაამოწმოთ...

შემდეგი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა გადაადგილების თვალსაზრისით. კი, ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოწესრიგებულია და ახალი. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი "ბოგდანები", რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მგზავრების გადაადგილების თვალსაზრისით და ეკოლოგიურად... ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: "კონდიციონერი ჩართე!", "არ მუშაობს", "დავიწვით ხალხი". ეს წარსულს ჩავაბარეთ თქვენი მხარდაჭერით, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ, უკეთესი პროექტები განვახორციელოთ. 

დღეს გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, რატომ არის გადაადგილება დედაქალაქში პრობლემური. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად ესეც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ, გამართული, კომფორტული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ადამიანმა, 500, 700 - დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს და პირობას გაძლევთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება. 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები