რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: საქართველო კატეგორიულად გმობს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმებს

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს გამოეხმაურა. პრეზიდენტი წერს, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს რეფერენდუმებს და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

"საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებში მიუღებელ რეფერენდუმებს. ეს საერთაშორისო სამართლისა და იმ უკრაინელი ხახლის ნების ცინიკური დარღვევა, რომლებიც შეჭრის წინააღმდეგ გმირულად ბრძოლად აგრძელებს.

ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდაჭერას. დღეს, როცა საქართველო სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავს იხსენებს, ეს სიტყვები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის ოკუპაციის ტკივილი". – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები რუსეთისთვის სასარგებლო "შედეგებით" დასრულდა.

ამ ეტაპზე "ხმების" 100% დაითვალეს ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა. რაც შეეხება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ამ დრომდე დათვლილია "ხმების" მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% "მხარს უჭერს" რუსეთთან შეერთებას.

ე.წ. რეფერენდუმი რომელიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა, ამ რეგიონების რუსეთთან შეერთებას, მათ ანექსიას გულისხმობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები