რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: უკრაინას საკუთარი ტერიტორიის დაცვის სრული უფლება აქვს, დახმარებას განვაგრძობთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები, თუნდაც მათი ანექსია რუსეთმა სცადოს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარებას განაგრძობენ. 

"უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი ტერიტორია, რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების ჩათვლით". – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიით არ შეიცვლება მიდგომები არც უკრაინისთვის და არც ამერიკისთვის და უკრაინელები განაგრძობენ იმის კეთებას, რაც საჭირო იქნება ტერიტორიების დასაბრუნებლად.

"ჩვენ განვაგრძობთ მათთვის ამ ძალისხმევაში დახმარებას". – დაამატა ბლინკენმა.

ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობისთვის და ამ შემთხვევაში დააწესებს დამატებით, მკაცრ სანქციებს.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდებოდა.

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები