გენოციდის აღიარების კამპანია

ბოკერია: არავის არ მოვატყუებინოთ თავი, რომ მტერს თუ დავუწვებით, ის არ გადაგვივლის

დღეს ძალიან მძიმე დღეა ისტორიულად, ალბათ, ყველაზე მძიმე ახლო წარსულში, სოხუმის დაცემის და იმ უბედურების, გენოციდის, რაც რუსეთმა დამართა საქართველოს. ჩვენი მორალური ვალიც არის, რომ ამ დღეს გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც თავი შეწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას მთლიანად და ის ადამიანები, ვისზეც გადაიარა ამ უბედურებამ – დევნილები. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მტერი და არავის არ ავარევინოთ ტვინი, რომ აგვირიოს მტერი და მოყვარე. არავის არ მოვატყუებინოთ თავი, რომ მტერს თუ დავუწვებით, ის არ გადაგვივლის. 

90-იანი წლების დასაწყისში არც NATO-ს საკითხი არ იდგა, არც ევროკავშირის. პირიქით, სამწუხაროდ, დასავლეთის შეცდომით, საქართველო მათი ყურადღების ქვეშ არ იყო და მაშინ დასუსტებულმა, პუტინამდელმა რუსეთმა მოგვიწყო გენოციდი. ასეთივე საფრთხე იქნება უკრაინის დამარცხების შემდეგაც პუტინის შემდგომი რუსეთისგან, თუ ჩვენ ფეხზე არ ვიდექით და ახლა თუ არ ვიმოქმედეთ და არ გავხდით NATO-ს წევრი, ძლიერი, თავისუფალი ქვეყანა. ეგ აგვაცილებს ომს და არა პირიქით. 

იმან, რომ 90-იან წლებში ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გახდა NATO-ს წევრი, ამ ქვეყნებს მისცა ის თავისუფლება და დაცულობა, რაც დღეს აქვს. ჩვენ და უკრაინამაც ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ და ამის ფასს ვიხდით აქამდე. ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს საკუთარი ფული და ძალაუფლება უფრო უღირს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მომავალი და ვაჭრობს საკუთარი ქვეყნის ბედით. ის ანტიდასავლურ კი არა, ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა, როცა ცდილობს, რომ დაგვაპირისპიროს ჩვენს პარტნიორებს და მარტო დაგვტოვოს დიდი საფრთხის წინაშე და ამას აკეთებს უსინდისოდ. 

ამ უსინდისობის საპასუხოდ ჩვენს საზოგადოებას მობილიზება სჭირდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, ამ ისტორიულ მომენტში. 

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ტაბულასთან საუბრისას საქართველოს და უკრაინის თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გამართულ მსვლელობაზე. 

კომენტარები