რუსეთი-ყაზახეთი

ყაზახეთი: რუსეთს არ გადავცემთ იმ პირებს, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბიან

რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღიდან, ყაზახეთში 100 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შევიდა

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარატ ახმეტჟანოვის ინფორმაციით, ყაზახეთი არ გადასცემს რუსეთს იმ პირებს, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას არიდებენ თავს.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ძებნილი პირების ექსტრადიცია ურთიერთშეთანხმებით რეგულირდება და სამხედრო აღრიცხვის სამსახურების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების ძებნაში გამოცხადება მათი სამშობლოში ექსტრადირების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღიდან, ყაზახეთში 100 000-მდე რუსეთის მოქალაქე შევიდა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები