სახალხო დამცველი

კობახიძე: NGO-ების კლანი დახურულ რეჟიმში ასახელებს ომბუდსმენობის კანდიდატებს – მიუღებელია

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიუღებლად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად სახალხო დამცველობის კანდიდატების წარდგენას და ამბობს, რომ ამით მათი "კლანურობა" კიდევ ერთხელ დადასტურდა. კობახიძე NGO-ებს გადაწყვეტილების "დახურულ რეჟიმში" მიღების გამო აკრიტიკებს.

"მდიდარმა NGO-ებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი, გამჭვირვალე პროცესი შევთავაზეთ საზოგადოებას. ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახლების საშუალება, ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა პარლამენტში. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ კანდიდატებს, შემდეგ მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს. ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში რამდენიმე NGO-ს კლანი ასახლებს თავის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალო დამცველის თანამდებობისთვის ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატურები წარადგინეს.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელია, გიორგი ბურჯანაძე მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია სასამართლო გუშაგის ხელმძღვანელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრია.

9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი 83 ხმით დაამტკიცა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს და ამ საკითხს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს მიანდობენ.

სახალხო დამცევლის არჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილია.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელშიც ცხრა წევრი იქნება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჯგუფი შეაფასებს თითოეულ წარდგენილ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, ამის შემდეგ კანდიდატები წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს,  რომლებმაც შემდეგში კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინონ.

პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

კომენტარები