რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფედერაციული ოლქის, ყირიმის შექმნას განიხილავს

MIKHAIL METZEL/TASS

რუსეთში ახალი ფედერალური ოლქის - ყირიმის შექმნას განიხილავენ. მას შესაძლოა დმიტრი როგოზინმა უხელმძღვანელოს. ახალი ფედერალური ოლქის შესაძლო შექმნის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა ვედომოსტი ავრცელებს. 

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალ ოლქში ყირიმის გარდა გაერთიანდება დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. 

ფედერაციულ ოლქს შესაძლოა უხელმძღვანელოს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის, ყოფილმა ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა. იგი მანამდე დუმის დეპუტატი, ვიცეპრემიერი და NATO-ში რუსეთის წარმომადგენელი იყო. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.

რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც 2014 წლის ყირიმის რეფერენდუმი, ეწინააღმდეგება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის კანონმდებლობას. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმის ინიცირება, ორგანიზება და ჩატარება შესაძლებელია მინიმუმ ოთხი თვით ადრე. რაც შეეხება უკრაინის კანონმდებლობას, უკრაინის კონსტიტუციის 73-ე მუხლი ადგენს, რომ ქვეყნის ტერიტორიის შეცვლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სრულიად უკრაინულ რეფერენდუმზე.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

კომენტარები