საქართველო-რუსეთი

სუს-ი ქამხაძეზე: ლისიჩანსკში აღმოჩენილი პირადი საქმე კავშირში არ არის გლდანში დაცულთან

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქართველ ოფიცერ მიხეილ ქამხაძეზე განცხადებას ავრცელებს. 9 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე რუსი ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა. 

უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს, რომლის შუალედური შედეგების მიხედვით გლდანის რაიონულ გამგეობაში დაცული ქამხაძის პირადი საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. 

განცხადების მიხედვითვე, გლდანში დაცული პირადი საქმე კავშირში არ არის ლისიჩანსკში აღმოჩენილ დოკუმენტებთან - სუს-ი ამტკიცებს, რომ აღმოჩენილი დოკუმენტები, შესაძლოა, იყოს 2016 წელს ქამხაძის მიერ პირადად იყოს შეგროვებული. ასევე, სუს-ის ცნობით, ჩატარებული ექსპერტიზით დაადგინეს, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერთიფიკატისა, "რომელიც არასაიდუმლოა და მიხეილ ქამხაძის განცხადებით მათი დედნები ინახება მასთან სახლში". 

უწყების განცახდებაში ვკითხულობთ, რომ ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში მოხვედრილი არცერთი დოკუმენტი სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავს.  

განცხადებას სრულად გთავაზობთ: 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ, საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

2016 წლის 14 აგვისტოს მიხეილ ქამხაძე თავდაცვის ძალებიდან ზღვრული ასაკით დაითხოვეს, მისი პირადი საქმე კი, კანონის დაცვით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ქ.თბილისის გლდანის რაიონული გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში გადაიგზავნა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება.

ასევე დგინდება, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია და აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო.

საქმის ფარგლებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერთიფიკატისა, რომელიც არასაიდუმლოა და მიხეილ ქამხაძის განცხადებით მათი დედნები ინახება მასთან სახლში.

დამატებით დადგინდა, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ცნობას და ინფორმაციას, რაც არასდროს დაფიქსირებულა მიხეილ ქამხაძის სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში. კერძოდ, კადრებში გავრცელებული მიხეილ ქამხაძის ავტობიოგრაფია შეიცავს მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რასაც ადასტურებს თავად მიხეილ ქამხაძეც და განმარტავს, რომ აღნიშნული ავტობიოგრაფია მან შეადგინა თავად, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ გამორიცხავს გავრცელებული მასალების დაცულ საქმესთან კავშირს.

ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დგინდება, რომ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.

გამოძიების შუალედური შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს საფუძველი ცალსახად განაცხადოს, რომ აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. გამოძიებას საფუძვლად დაედო მედიაში მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გასული სიუჟეტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

გამოძიების საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით.

2022 წლის აგვისტოში რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ოკუპანტი ყვება, რომ ლისიჩანსკში ერთ-ერთ შენობაში, საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები აღმოაჩინეს.

პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული. 

მიხეილ ქამხაძემ მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ პირადი საქმე 2016 წელს შეიქმნა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ჩამონათვალის მიხედვით საკუთარი დოკუმენტები შეაგროვა. მისივე ინფორმაციით, ლოდინის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სამსახურში არ მიიღო, ამიტომ უკრაინაში წავიდა. 

"ეს "პაპკა" მე ფიზიკურად ვერ მექნებოდა. როდესაც მივიტანე კადრებში, დავტოვე იქ. ველოდებოდი, მითხრეს, დაელოდეთ ზარს, დაელოდეთ დანიშვნას და შეგატყობინებთო. გაიწელა ჩემი დანიშვნა და 2017 რომ გახდა, წამოვედი უკრიანაში. 

თანხაა გადახდილი. მე ეჭვი მაქვს, რომ აქედან გავიდა ინფორმაცია იქ, რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული, ამზადებს ხალხს და იქიდან მოითხოვეს... ქსელია. ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი. ნაკლებად მოიძებდა ვინმე სამოქალაქო საქმეს". - ამბობდა ის.  

კომენტარები