რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იზიუმში კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს – ზელენსკი

ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ იზიუმში კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს ასობით ცხედრით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენ ვიპოვეთ დიდი მასობრივი საფლავი, რომელშიც 500 ადამიანი იყო. დღეს მე მივიღე მეტი ინფორმაცია, ჟურნალისტები გზაში არიან. მათ აღმოაჩინეს კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი, დიდი საფლავი ასობით ადამიანით. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავია".- ამბობს პრეზიდენტი. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იზიუმში პირველ მასობრივ საფლავში იპოვეს მთელი ოჯახები, რომლებიც აწამეს და მოკლეს.

"მოზარდები, კაცები და ქალები და პატარა ბავშვები თავებში ტყვიებით. მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი დაკარგული იყო" - განაცხადა ზელენსკიმ. 

რუსეთი უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებებს კვლავ უარყოფს. კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვის თქმით, იზიუმში აღმოჩენილი საფლავები სიცრუეა. 

"ეს იგივე სცენარია, როგორიც იყო ბუჩაში. ეს სიცრუეა და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს ამ ამბავში".- თქვა პესკოვმა. 

კომენტარები