რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმები ტყუილია, ვაშინგტონი მათ არასდროს აღიარებს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები ტყუილია და ვაშინგტონი მათ ლეგიტიმურობას არასდროს აღიარებს

"ვაშინგტონი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის დამატებით სწრაფი და ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმუშავებს". - თქვა ჯო ბაიდენმა. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან აქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კონტროლს ცდილობენ. კერძოდ, ხერსონში ადმინისტრაციულ-პოლიციური რეჟიმის გამკაცრება, სახლების შემოწმება და ადგილობრივ მცხოვრებლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ აღნიშნა, რომ ე.წ. ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე აუკრძალა.

ამასთან ერთად, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფრომაციით, ადგილობრივ მოსახლეობას პასპორტის მონაცემების მიწოდებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჰპირდებიან.

კომენტარები