რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინამ 9 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 400-მდე დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სექტემბერში, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 400-მდე დასახლების გათავისუფლება შეძლეს. 

"უკრაინის აღმოსავლეთით აქტიური ოპერაციების დაწყებიდან, 9 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 400-მდე დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ ოკუპანტებისგან. ამ შედეგს მივაღწიეთ იმიტომ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ხალხი გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რათა მსგავსი დახმარება მეტი იყოს". - თქვა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. 

კერძოდ, პრეზიდენტმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდა, უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცენ ყველა მონაცემი ე.წ რეფერენდუმების ორგანიზატორების, რუსული ჯარის მობილობისა და ზოგადად არმიის შესახებ. 

ასევე, ზელენსკის ინფორმაციით, 23 სექტემბერს ვოსტოკისა და სამხრეთ საჰაერო სარდლობამ, ასევე საზღვაო ძალების საჰაერო თავდაცვამ ირანული წარმოების 8 რუსული დრონი ჩამოაგდეს. 

სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.

კომენტარები