მერლინ მენსონის საქმე

პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მერლინ მენსონის საქმე შეაჩერა

NME

ლოს-ანჯელესის პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მომღერლის, მერლინ მენსონის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არ ქონის გამო შეაჩერა. გამოძიება 19 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობილ როკ მუსიკოსს ათობით ადამიანი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, ასევე იარაღის მუქარაში ადანაშაულებს. 2021 წლის დასაწყისში, პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა. 

მერლინ მენსონის საქმის დეტალებს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები