საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი: პრინციპულად მიგვაჩნია შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით "საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი" შეიმუშავეს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობა, ლელო, რესპუბლიკური პარტია, თამარ ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია და ნატო ჩხეიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ "პრინციპულად მიგვაჩნია დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) დაბრუნება და შესრულება".

"მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით. სასამართლოს მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო კვალიფიკაციის და რეპუტაციის წევრების არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის დაწყება, გასული წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული დამაზიანებელი რეგულაციების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა" - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დეპუტატები აღნიშნავენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ინიცირებულია ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ხოლო მედიამიმართულებით - 5-6 ივლისის საქმის ეფექტური გამოძიება, მედიის მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო პროცესების შეწყვეტა, ალტერნატიული წინადადების წარდგენა მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

"შესაბამისად, თუ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს რეალურად სურთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ლოგიკურია, გაიზიარონ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მინიმალისტური და კომპრომისული ვარიანტი და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის არმიღების სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ამ ნაბიჯით ერთ მხარეს რჩება ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, ხოლო მეორე მხარეს - ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი.

ვთვლით, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღება და შემდგომში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა" - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შემუშავებული ბაზისური პაკეტი:

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით.
  2. უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა.
  3. მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოში და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.
  4. გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი,საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
  5. დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრისსაშუალებით.
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული.
  7. უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.
  8. სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით.
  9. გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ.
  10. უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.
  11. მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც, ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.
  12. უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. 

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც, მათი შეფასებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2022 წლის ბოლომდე მარტივად განხორციელებადია. ორგანიზაციების ცნობით, გეგმა შეიცავს იმ რეფორმების მინიმუმს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებისთვის სჭირდება. 

კომენტარები