რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: რასაც ჩვენ 24 თებერვლიდან ვხედავთ, იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებაა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი
UN Photo/Cia Pak

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის უკრაინაში შეჭრა იმპერიალიზმის დაბრუნებად შეაფასა. მაკრონის თქმით, ისინი ვინც ამ კონფლიქტში დუმან და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, არამხოლოდ ცდებიან, არამედ რუსეთის მიერ გლობალური წესრიგის ნგრევას ხელს უწყობენ.

"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ის, რასაც ჩვენ 24 თებერვლიდან ვხედავთ, არის იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნება.

გარდა ამისა, რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ იგი საკუთარი ნების დაწესებას სამხედრო გზით ვერ შეძლებს მაშინაც კი, თუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბ რეფერენდუმებს ჩაატარებს". - თქვა მაკრონმა. 

მაკრონის მტკიცებით, ომი გაეროს ორგანიზაციის მთავარ პრინციპს, მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობას ძირს უთხრის. სწორედ ამის გათვალისწინებით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ის მოსკოვთან დიალოგს გააგრძელებს. 

"მოსკოვთან დიალოგს გავაგრძელებთ, რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი მშვიდობის პოვნა. ასევე, უკრაინელი ხალხისთვის დამატებით მივიღებთ ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ზომებს. ამ გზით, ისინი საკუთარი ქვეყნისა და სუვერენიტეტის დაცვას შეძლებენ". - თქვა მაკრონმა.

კომენტარები