საქართველო-აშშ

დეგნანი: ვაშინგტონში არის კითხვები, რატომ არ ემიჯნება მთავრობა უფრო მკვეთრად დეზინფორმაციას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ვაშინგტონში ამერიკელი მაღალჩინოსნები კითხვებს სვამენ საქართველოში აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულების თეორების შესახებ და აინტერესებთ, რატომ არ ემიჯნება მთავრობა უფრო მკვეთრად დეზინფორმაციას.

"არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვას იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილების და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. აგრეთვე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მმართველი პარტია და მთავრობა უფრო მკვეთრად რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საქართველოს საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგია – რა მიზანს ემსახურება ეს? მიზნად ხომ არ ისახავენ, სცადონ ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია". – თქვა კელი დეგნანმა მთავარ არხთან ინტერვიუში. [მთავარი არხის თარგმანი]

28 ივნისს ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი დატოვეს. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. მათი განცხადებით, მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.  

დეპუტატებმა ქართული ოცნების დატოვების დღიდან დაიწყეს ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის მათი სამიზნეა საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც არაერთი წერილი მიუძღვნეს. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საელჩო ცდილობს, საქართველოში ომის მეორე ფრონტი გახსნას და რომ საელჩო ხელისუფლების გადასატრიალებლად "ყველაფერს იკადრებს". 

17 აგვისტოს მათ ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ქართული ოცნებისგან.  2 სექტემბერს კი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ოთხეულისგან გამიჯვნას შეეცადა და თქვა, რომ დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში. 

კომენტარები