ე.წ. სასამართლო კლანი

დაბარება კაბინეტში, ქუჩურად საქმის გარჩევა – ყოფილი მოსამართლე ე.წ. კლანის მხრიდან ზეწოლაზე

უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე მთავარ არხთან ინტერვიუში მოსამართლებზე ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, უზენაესი საბჭო გადაწვეტილებათა ნაწილის შეთანხმებას ითხოვდა და მიზეზად - "სახელმწიფოებრივ ინტერესს" ასახელებდა. 

"მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ მიმეღო გარკვეული სახის გადაწყვეტილებები წინასწარ და იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მე მათთან მომივიდა კონფლიქტი", - აღნიშნა ბესარიონ ალავიძემ. 

ყოფილი მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილებები "ქუჩური წესებით" გაირჩეოდა და მოსამართლეებს პირდაპირ მოუწოდებდნენ ამა თუ იმ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღოთ. 

"მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს აქვს არა ისეთი ხასიათი, "აკადემიური" ხასიათი, რომ თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ და რამე ხომ არ გჭირდებათ დახმარება ან რაღაც ასეთი მსგავსი აკადემიური გამოსვლები კი არ ყოფილა მათი მხრიდან, არამედ ქუჩური წესებით საქმის გარჩევა: დაბარება კაბინეტებში, ძალიან ხმამაღალი მოწოდებებით და პირდაპირ მოწოდება რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე ესა თუ ის შედეგი", - ამბობს უზენაესის ყოფილი მოსამართლე.

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ 2011 წლის თებერვალში 10-წლიანი ვადით დაინიშნა. მან განიხილა რუსთავი 2-ის საქმე და 2 მარტს 8 კოლეგასთან ერთად რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

მანამდე, 14 სექტემბერს ყოფილმა მოსამართლემ, ანა ღელეყვა, რომელიც ახლა ემიგრაციაშია, ე.წ. კლანის საქმიანობის საუბრისას აღნიშნა, რომ მას მოსამართლეობის ვადა იმიტომ არ გაუხანგრძლივეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე მხარი არ დაუჭირა მოსამართლე ლევან თევზაძის კანდიდატურას, რომელიც, მისი თქმით, საბჭოს იმდროინდელი მდივნის, ლევან მურუსიძის კადრი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კლანურ მმართველობას ასახელებენ.

ვენეციის კომისიამ 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ის ცვლილებები გააკრიტიკა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვა გაუქმდა. საია მიიჩნევს, რომ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ, სისტემაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

გასულ წელს, პარლამენტში ცვლილებების მიღების პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, კარა მაკდონალდსმა ქართულ მართლსაჯულებაზე საუბრისას შენიშნა, რომ "მოსამართლეების უმაღლესი საბჭო გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული სისტემის და დაწინაურების სისტემის გამოყენებით". 

კომენტარები