ე.წ სასამართლო კლანი

ყოფილი მოსამართლე: კლანთან წინააღმდეგობის გამო, მოსამართლეობის ვადა არ გამიხანგრძლივეს

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

ყოფილი მოსამართლე, ანა ღელეყვა, რომელიც ახლა ემიგრაციაშია, სისტემიდან ე.წ. კლანმა გარიყა. ღელეყვა საქართველოს სასამართლოს გუშაგისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას მოსამართლეობის ვადა იმიტომ არ გაუხანგრძლივეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე მხარი არ დაუჭირა მოსამართლე ლევან თევზაძის კანდიდატურას, რომელიც, მისი თქმით, საბჭოს იმდროინდელი მდივნის, ლევან მურუსიძის კადრი იყო.

"კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა ყველას მიღებული აქვს, თუმცა, ამას შემდგომი გადანიშვნის დროს არ ითვალისწინებდნენ. მთავარი კრიტერიუმი მათდამი ერთგულება იყო. მე ეს პირდაპირ მითხრეს. როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან შეხვედრა ვითხოვე. იმ დროს მურუსიძე იყო და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინოთ-მეთქი. ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა - იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო, მომიგო. მომავალში სხვა მოსამართლეებს რა მოტივაცია ექნებათ მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი". - ამბობს ანა ღელეყვა.

ყოფილი მოსამართლის თქმით, მან მურუსიძის კადრს, ლევან თევზაძეს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ეგონა, რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსამართლე ლევან თევზაძე რომ აირჩიეს, ნინო გვენეტაძეს მეორე კანდიდატად გასიტაშვილი ჰყავდა წარდგენილი. მაშინ მეგონა, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა არაფერი, თუნდაც გვენეტაძის კანდიდატი გასულიყო. რადიკალურ ცვლილებებს პოლიტიკური ნება სჭირდება. ზოგჯერ ვფიქრობ, ბოლომდე გააზრებული რომ ჰქონდეთ, რას ნიშნავს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, ამას როგორ იზამდნენ? რატომ არ იზრუნებდნენ სასამართლოს მიმართ ნდობაზე?". - ამბობს ყოფილი მოსამართლე.

ღელეყვას თქმით, ორივე მხარე მხარდამჭერთა სიებს წინასწარ ადგენდა. როგორც ყოფილი მოსამართლე ამბობს, მან ლევან თევზაძეს პირადად უთხრა, რომ შანსი ახალი ძალისთვის უნდა მიეცათ.

"იცით, როგორ იყო? შემდეგ რომ დავუკვირდი, ესეც ძალიან არასწორი იყო. ორივე მხარე წინასწარ სიებს ადგენდა, წარმოგიდგენიათ? მე ჩემმა ახლობელმა მოსამართლემ დამირეკა და მკითხა, ვის ვუჭერდი მხარს. ვუთხარი, რომ გასიტაშვილს. ასე აღმოვჩნდი გასიტაშვილის მხარდამჭერთა სიაში. შემდეგ მოსამართლე ლევან თევზაძე  მოვიდა ჩემთან სამსახურში. ასე დადიოდნენ, საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. მასაც ვუთხარი, რომ შანსი უნდა მიგვეცა ახალი ძალისთვის. მესმის, რომ ჩემი მხრიდან გულუბრყვილობა იყო, მაგრამ მაშინ ასე მჯეროდა. კარგად მახსოვს ლევან თევზაძის სიტყვები დამშვიდობებისას: მომცემ ხმას, მოგცემ ხმასო. ზეპირად იცოდნენ, ვინ ვის აძლევდა ხმას. არ ვიცი სხვების ამბები, მაგრამ მოსამართლეების უმრავლესობა „მოქნილი“ აღმოჩნდა. ზოგი თავს ასე ეძახის და დავესესხე". - იხსენებს ყოფილი მოსამართლე.

ღელეყვა ამბობს, რომ მას მურუსიძესთან პირადად შეხვედრის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება არ იყო და თითქოს, მურუსიძეს მისი სასამართლოს მიღმა დარჩენა ენანებოდა.

ყოფილი მოსამართლე იხსენებს, რომ ქუთაისის სასამართლოში მუშაობის დროს, თათბირი ყოველ ორშაბათს ტარდებოდა. თუმცა, ეს იყო თათბირი ცალკეულ მოსამართლეებთან და არა ერთად. მისი თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე განსახილველ საქმეებს ცალ-ცალკე ისმენდა. 

ღელეყვა ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროფესიაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს, თუმცა, თუ საქართველოში რაიმე რადიკალურად შეიცვლება, ამას არ გამორიცხავს.

"2006 წლიდან 2016 წლამდე ვიყავი მოსამართლე.  სხვადასხვა სასამართლოში მაქვს ჩემი ცხოვრების დიდი და შეგნებული ნაწილი გატარებული. ვიყავი სხდომის მდივანი, კანცელარიის სპეციალისტი, მოსამართლის თანაშემწე და მერე უკვე მოსამართლე. მესმის და ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, ჩვენ, მოქალაქეებს, იმის ფუფუნება არ გვაქვს, არჩევანი ჩვენი თავისა და პირადი კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთოთ. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ რაიმე უკეთესობისკენ შევცვალოთ. ისევ ჩვენს პროფესიაში დარჩენის გზით, თუნდაც. მაგრამ, ჩემი თავი მანდ ვეღარ დავინახე. ვერ დავინახე ძალა და შესაძლებლობა, მებრძოლა უკეთესი მომავლისთვის". - თქვა ღელეყვამ.

კომენტარები