რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მხარეებს ჩაბარდათ

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მხარეებს ჩაბარდათ. განჩინებაში უნდა იყოს იმ გადაწყვეტილების განმარტება, რომლის აღსრულებაც სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა. 

"ამ გადაწყვეტილებით, დიდმა პალატამ უნდა ახსნას ის იშვიათი სამართლებრივი პრობლემა და განმარტოს ყველა ის საკვანძო საკითხი, რა დასაბუთებითაც კოლეგიამ გადასცა დიდ პალატას საქმე. ანუ ჩვენ დღეს გავარკვევთ, თუ როგორ იმსჯელა დიდმა პალატამ და რა განმარტებები გააკეთა იმ იშვიათ სამართლებრივ პრობლემებზე, რაზეც საუბარი იყო კოლეგიის განჩინებაში. ეს განმარტებები გახდება შესასრულებლად სავალდებულო ყველა ინსტანციისთვის და შესაბამისად, ფაქტობრივად, დამკვიდრდება, როგორც სამართლის ნორმა", - ამბობს იურისტი თამთა მურადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 3 მარტს დროებით 8 მარტამდე შეაჩერა. 7 მარტს კი სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და ქვეყნის შიგნით არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები